დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი ქართული ზეთისხილის წარმოების გაფართოებისა და ექსპორტის ზრდისთვის აქტიურ ხელშეწყობას გეგმავს“
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახდა. მადრიდში გამართული ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მე-60 საიუბილეო შეხვედრის ფარგლებში, საქართველო ოფიციალურად დასახელდა ორგანიზაციის პრეზიდენტად. შეხვედრას საქართველოს დელეგაცია ესწრებოდა, რომლის შემადგენლობაში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე იყო.
„მოხარული ვარ, რომ ამ ისტორიული დღის თანამონაწილე ვარ, საქართველოს გაწევრიანება ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში და საბჭოს პრეზიდენტ ქვეყნად არჩევა ნიშნავს ქვეყნისთვის ამ დარგის განვითარების ახალ შესაძლებლობებს, როგორც საბჭოს წევრი ქვეყნების მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარების, ასევე საქართველოში ზეთისხილის წარმოების მასშტაბებისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდის, ასევე ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. „საპარტნიორო ფონდი“ ქართული ზეთისხილის წარმოების გაფართოებისა და ექსპორტის ზრდისთვის აქტიურ ხელშეწყობას გეგმავს. განსაკუთებით ვულოცავ ამ დღეს ქართველ ზეთისხილის მწარმოებლებს, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ახლადარჩეულ თავმჯდომარეს და წარმატებებს ვუსურვებ მას ამ სფეროში ჩვენი ქვეყნის უკეთ წარმოჩენისა და დარგის განვითარების საქმეში“, განაცხადა დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ჩინეთში „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, ქართული ზეთისხილის ექსპორტთან დაკავშირებით, ოფიციალური შეთანხმება ჩინეთის უმსხვილეს საინვესტიციო კომპანიასთან შედგა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა, საქართველოს სახელით, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს ზეთისხილის ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი სვანიძე წარადგინეს.
ღონისძიების შემდეგ ორგანიზაციის წინ, 17 ქვეყნის დროშის გვერდით საქართველოს დროშა აღიმართა და ეზოში საქართველოდან ჩამოტანილი ზეთისხილის ნერგი დაირგო.
0