„საპარტნიორო ფონდმა“ ჩინეთში 2019 წლის საერთაშორისო ელექტრონული ვაჭრობის გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
„საპარტნიორო ფონდი“ ჩინეთში, ქალაქ შანთოუში „2019 წლის საერთაშორისო ელექტრონული ვაჭრობის გამოფენაში“ სპეციალური კუთხით იყო წარმოდგენილი. გამოფენის დამთვალიერებლებს ჩინეთის ქალაქ გუანჭოუში „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლობის დირექტორმა თამარ პატაშურმა უმასპინძლა და დაინტერესებულ პირებს ფონდის საქმიანობის, მანდატის, ინვესტირების პრინციპებისა და განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.
ქალაქი შანთოუ საერთაშორისო ელექტრონული ვაჭრობის მხრივ, ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი ქალაქია. გამოფენას წელს 60 000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობდა და ღონისძიებაში 20 ქვეყნის 1000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მონაწილე ქვეყნებს შორის იყვნენ „ერთი სარტყელი, ერთი გზის ევრაზიის თანამშრომლობის ცენტრში“ გაწევრიანებული ქვეყნებიც, მათ შორის, საქართველო.
70,000 კვ.მ-ის ტერიტორიაზე გამართული მასშტაბური გამოფენის ფარგლებში, თამარ პატაშურმა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრები გამართა.
გუანჭოუში „საპარტნიორო ფონდისა" და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი წარმომადგენლობა 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა. წარმომადგენლობა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს. ასევე, პოპულარიზაციას უწევს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებს.
0