დავით საგანელიძემ კასპში „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით მიმდინარე აგურის ქარხნის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველ სოზარ სუბართან და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, კასპში „საპარტნიორო ფონდისა“ და 100-წლიანი გამოცდილების მქონე ევროპული კომპანია „კერამიკა ელ ტორენტეს“ ერთობლივი პროექტის, აგურის ქარხნის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნოლოგიების კერამიკული პროდუქციის საწარმო „საპარტნიორო ფონდის“, ესპანური კომპანია „კერამიკა ელ ტორენტესა“ და ამავე სახელწოდების ქართული კომპანია „კერამიკა ელ ტორენტეს“ მონაწილეობით ხორციელდება. მშენებლობისას კასპის რაიონში არსებული სააგურე თიხის კარიერები გამოიყენება. თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული აგური გაუმჯობესებული თბოიზოლაციით, ნესტგამძლეობით, ხმის იზოლაციითა და შემცირებული წონით გამოირჩევა. პროექტის ჯამური ღირებულება 3 მლნ აშშ დოლარია.
„ქარხანა „საპარტნიორო ფონდის“ ერთ-ერთი ინდუსტრიული პროექტია, რომელიც კასპის თიხისგან ესპანური ტექნოლოგიით უმაღლესი ხარისხის აგურის წარმოებას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ სპეციალისტების ოთხი ესპანური ოჯახი საქართველოში ორი წლით საცხოვრებლად გადმოვა, რათა მოამზადონ ადგილობრივი პროფესიონალები და წარმოება ევროპული ტრადიციის სრული დაცვით წარიმართოს. ვფიქრობ, საწარმო მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს საქართველოს სამშენებელო ინდუსტრიაში და არამხოლოდ შეამცირებს იმპორტს, არამედ უზრუნველჰყოფს პროდუქციის ექსპორტსაც,“ განაცხადა დავით საგანელიძემ.
ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოების 70%-მდე შესრულებულია. შენობისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის მთლიანად დასრულება აპრილში იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს ესპანეთში მდებარე ქარხნის დემონტაჟი და იგეგმება მისი ტრანსპორტირება საქართველოში.
ქარხნის მშენებლობის პროცესი, ასევე, „საპარტნიორო ფონდის“, კომპანია „კერამიკა ელ ტორენტესა“ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
პროექტში ჩართულნი არიან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და „ბანკი ქართუ“. ქარხანა პირველ სამშენებელო და მოსაპირკეთებელ მასალას შემოდგომაზე შესთავაზებს. საწარმოში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.
0