საქართველო განსუს საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე მასპინძელ ქვეყნად მიიწვიეს
„საპარტნიორო ფონდის“ აღამსრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ფონდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განსუს პროვინციის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჩინეთის დელეგაციას ფონდის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა – განსუს პროვინციის კომერციის დეპარტამენტის, ევრაზიის საქმეთა განყოფილების, ასევე, სახმელეთო-საბაჟო ადმინისტრაციული კომიტეტისა და ალკოჰოლური სასმელების ბიუროს ხელმძღვანელმა პირებმა ქართულ მხარესთან ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვეს.
ჩინური მხარე ოთხი მიმართულებით თანამშრომლობით არის დაინტერესებული, კერძოდ, ლოჯისტიკა, რომელიც სარკინიგზო და სახმელეთო-საბაჟო მიმართულებებს მოიცავს, ასევე, განახლებადი ენერგიები, კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობა და ალკოჰოლური და ნატურალური პროდუქტების ექსპორტი. ჩინური მხარის განცხადებით, განსუს პროვინციამ მეღვინეობის 3000-წლიანი ისტორიით, ჩინეთში პირველმა დაიწყო ღვინის წარმოება და დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე დასამკვიდრებლად დიდ პოტენციალს ხედავენ.
შეხვედრის ფარგლებში, ჩინეთის დელეგაციამ საქართველო განსუში 2-6 ივლისს დაგეგმილ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე მასპინძელ ქვეყნად მიიწვია, რომლის ფარგლებში, საქართველოს 150 კვმ ფართი დაეთმობა და მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო გამოფენაში, სადაც საშუალება მიეცემა, საგამოფენო პროდუქტები გაიტანოს, ასევე, გამართოს კულტურული ღონისძიებები. ამას გარდა, ჩინური მხარე საქართველოს სთავაზობს ამავე ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს შესახებ სპეციალური კონფერენციის ჩატარებას, რომელზე დამსწრე „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ქვეყნებსა და საერთაშორისო საზოგადოებას საშუალება ექნებათ, ქვეყნის საინვესტიციო, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.
„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განსუს პროვინციის გუბერნატორის აპრილში საქართველოში დაგეგმილი საქმიანი ვიზიტის დეტალები განიხილეს, რომლის ფარგლებშიც ორმხრივი თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება. ამასთანავე, განსუს დელეგაცია საქართველოს ერთ-ერთ რეგიონთან, კერძოდ, შიდა ქართლთან დამეგობრების შესახებ მემორანდუმის გაფორმებას გეგმავს, რომლის საშუალებით კიდევ უფრო გააქტიურდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ორ რეგიონს შორის.
0