„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, საქართველოში უმაღლესი ხარისხის დამცავშრიანი სამედიცინო დანიშნულების პირბადეების, Faceguard-ის საწარმო გაიხსნა
„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი, საქართველოში უმაღლესი ხარისხის სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ პროდუქციის -Faceguard-ის გამოშვებას იწყებს.
საწარმოს გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, საქართველოში ჩინეთის ელჩი ლი იენი და თიბისი ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ. საწარმოო პროცესი სტუმრებს „საპარტნიორო ფონდისა“ და „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ მენეჯმენტმა დაათვალიერებინეს.
„ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის პირბადეების საწარმოა საქართველოში, რომელიც თანამედროვე, დანადგარებით აღჭურვილ ორ საწარმოო ხაზს მოიცავს. პირბადეები ე.წ. „Melt blown“ უმაღლესი ხარისხის ნედლეულით იწარმოება და 99%-იან დაცვას უზრუნველჰყოფს.
„ჩვენმა კომპანიამ ამ პროექტზე მუშაობა ორი თვის წინ დაიწყო. მადლობას ვუხდით „საპარტნიორო ფონდს“ და უშუალოდ მის აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ დავით საგანელიძეს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის. მოგეხსენებათ, პროექტის სრული კონცეფცია „საპარტნიორო ფონდის“ მიერ არის შემუშავებული და ჩინურ მხარესთან აქტიურ მოლაპარაკებასაც ფონდი აწარმოებდა. მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, იყო სირთულეები, გაძნელებული იყო ტრანსპორტირება, ასევე ჩინეთიდან იქ არსებული სიტუაციის გამო აკრძალული იყო დანადგარებისა და ნედლეულის მიწოდება. ხოლო „საპარტნიორი ფონდის“ ჩინეთის პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებთან მარავალწლიანი საქმიანი ურთიერთობებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა, ჩინეთიდან ეპიდემიის გამო არსებული საგანგებო მდგომარების პირობებში, გამონაკლისის დაშვება და მოკლე დროში საქართველოში დანადგარებისა და ნედლეულის ჩამოტანა. ამ მნიშვნელოვანი წვლილისთვის კომპანიამ „საპარტნიორო ფონდს“ 10 %-იანი წილი გადასცა,“ განაცხადა „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ დამფუძნებელმა დავით მიმინოშვილმა.
ამჟამად, „ნიუ ტექნოლოჯ იმპექსში“ ორი საწარმოო ხაზი უკვე დამონტაჟებულია, იწყება პირველი პროდუქციის - Faceguard-ის წარმოება, რომელიც პირველ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვისთვისაა განკუთვნილი.
„ფონდის უპირველესი ამოცანაა წარმოების ხელშეწყობა, და შესაბამისად, არსებული პანდემიის, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებისა და პირბადეებზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, „საპარტნიორო ფონდმა“ გამოიჩინა ინიციატივა, დაეწყო საქართველოში პირბადეების წარმოება, შემოეტანა ქვეყანაში თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი დანადგარები და სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო დანიშნულების პირბადეების წარმოებისთვის საჭირო ნედლეული. გამომდინარე იქიდან, რომ პირბადეების წარმოებაში ბევრი კერძო კომპანია ჩაერთო, „საპარტნიორო ფონდმა“ მთავრობასთან შეთანხმებით, მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია პროექტის განსახორციელებლად ფონდის ფინანსური რესურსის გამოყოფა და იმ კერძო ინვესტორებთან ერთად დაიწყო პროექტის განხორციელება, რომლებმაც გამოხატეს მზადყოფნა პროექტის 100%-ით დასაფინანსებლად. მადლობას ვუხდი ჩინეთის სამთავრობო და ბიზნეს წრეებს, ორივე ქვეყნის საელჩოებს და ჩვენს პარტნიორებს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსიდან“, რომლებაც ერთ-ერთმა პირველებმა გამოთქვეს სურვილი განეხორციელებინათ ინვესტიცია ქვეყნისთვის და ხალხისთვის მეტად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებლად. ასევე დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს განათლების მინისტრს და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს პროექტის მხარდაჭერისთვის“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.
საინვესტიციო პროექტი კერძო ინვესტიციებით და „თიბისი“ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. „საპარტნიორო ფონდს“ პროექტში ფინანსური თანამონაწილრეობა არ მიუღია.
პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსში“ პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება. Faceguard-ის გასაყიდი ფასი იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით, ბევრად იაფი იქნება.
საწარმოს წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ პირბადეს შეადგენს. პროდუქცია Faceguard-ი განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი, ასევე - საექსპორტო ბაზრებისთვის.
„ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ მომავალში საწარმოს გაფართოებას და სხვა სამედიცინო საშუალებების წარმოებას გეგმავს.
0