საპარტნიორო ფონდმა ლონდონში „საქართველოს საინვესტიციო ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა
„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციამ, ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ლონდონში პირველად გამართულ „საქართველოს საინვესტიციო ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა.
„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა დიმიტრი ხორავამ დამსწრე აუდიტორიას ფონდის მიერ განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
საქართველოს საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობდნენ ეკონომიკის, ბიზნესის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროებში მოღვაწე წამყვანი ქართული, ბრიტანული და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელები, საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები და მსხვილი საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციები. ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა პოტენციური ინვესტორებისთვის, საინვესტიციო ბანკირებისა და დიდი ბრიტანეთის ბიზნეს სექტორისთვის.
ფორუმი გახსნეს საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ, პარლამენტარმა ჯონათან ჯანოგლიმ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, ვაზილ ჰუდაკმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორიმა ოშრევან ლომთათიძემ და საქართველოს საელჩოს დესპანმა, გიორგი საგანელიძემ.
ფორუმი ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია Strategy Council-ის ორგანიზებითა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აწარმოე საქართველოში ხელშეწყობით გაიმართა.
0