„საპარტნიორო ფონდსა“ და თსუ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ სტაჟირების შემდეგ თსუ-ს სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

30 აგვ 2018 0 2447

   

„საპარტნიორო ფონდსა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, თსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის თხუთმეტმა სტუდენტმა სტაჟირება „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გაიარა.

სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ ტურიზმის სფეროში სასტუმროს სერვისის მიმართულებით სტაჟირების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შესაბამი სერტიფიკატები მიიღეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „საპარტნიორო ფონდს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია თსუ-ს სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარება. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მაღალი დონის თეორიულ განათლებას აძლევს, „საპარტნიორო ფონდი“ კი მათ პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების საშუალებას მისცემს.

„„საპარტნიორო ფონდმა“ თსუ-ს სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების შანსი მისცა. ასევე, ოპერატიულად და ეფექტიანად განახორციელა უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმით შეთანხმებული პირობა. ფონდის ინიციატივა თსუ-ს ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია. სტუდენტებმა უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის ამაღლება და პრაქტიკაში გამოყენება შეძლეს“, განაცხადა თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ.

„საპარტნიორო ფონდის“ მიზანია მომავალში ტურიზმის ინდუსტრიაში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდნენ სპეციალისტები, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდილება ექნებათ მიღებული, რაც ამ სექტორში სერვისის მაღალ ხარისხს უზრუნველჰყოფს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტაჟირება სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ 13-დან 27 აგვისტოს ჩათვლით გაიარეს. ეს არის მათთვის ახალი შესაძლებლობა და შანსი ამ სფეროში დასაქმების გარანტიისთვის“, განაცხადა სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა ალავერდაშვილმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „საპარტნიორო ფონდს“ შორის მემორანდუმს ხელი მიმდინარე წლის 5 ივლისს მოეწერა. მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ კომპანიებში საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ პრაქტიკას გაივლიან.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები