„საპარტნიორო ფონდმა“ მწვანე კლიმატის ფონდის ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„საპარტნიორო ფონდმა“ ტაჯიკეთის ქალაქ დუშანბეში მიმდინარე მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი „მწვანე კლიმატის ფონდთან“ თანამშრომლობის გაღრმავებისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყნების ჩართულობის გაძლიერების საკითხს მიეძღვნა.
„მწვანე კლიმატის ფონდის“ (GCF) ფორუმზე მიწვეულმა „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნინო ჩოლოყაშვილმა ფორუმის მონაწილეებიისთვის „საპარტნიორო ფონდის“ მიერ „მწვანე კლიმატის ფონდის“ აკრედიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია მოაწყო.
ნინო ჩოლოყაშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის „მწვანე კლიმატის ფონდის“ მნიშვნელობისა და კლიმატის ცვლილების კუთხით არსებულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, „მწვანე კლიმატის ფონდის“ როლი უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, რადგან ფონდს შესაძლებლობა აქვს მდგრადი და მწვანე ეკონომიკის დანერგვაში ქვეყანას რეალურად დაეხმაროს.
„მწვანე კლიმატის ფონდს“ მართავს საბჭო, რომელიც გაეროს ქვეყნების და რეგიონული ჯგუფების 24 წევრისგან შედგება. „მწვანე კლიმატის ფონდი“ ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში ინვესტიციების განხორციელებას. ამ მიმართულებით, „მწვანე კლიმატის ფონდთან“ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს დამატებითი ფინანსების მოსაპოვებლად ქვეყნის კონკურენტუნარიანობას ზრდის.
მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) შესახებ:
მწვანე კლიმატის ფონდი არის გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ("UNFCCC") მთავარი ფინანსური მექანიზმი, რომლის მიზანია მთავარი და შედეგზე ორიენტირებული როლის თამაში კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში. მდგრადი განვითარების მხრივ, ფონდი ხელს უწყობს განვითარებად ქვეყნებს მოახდინონ ქვეყნის ტრანსფორმაცია დაბალემისიანი და კლიმატ-გონივრული განვითარების კუთხით.
GCF განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებაში უწყობს ხელს და მიზნად ისახავს კლიმატური ცვლილებებისადმი მდგრადი განვითარების კონცეფციის შექმნას, იმ ქვეყნების საჭიროებების გათვალისწინებით, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველია ამ ცვლილების ზემოქმედების მიმართ. მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) 194 ქვეყნის ძალისხმევით შეიქმნა, რომლებსაც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია აერთიანებთ.
0